2024 წლის 13 მარტს ევროპარლამენტმა დაამტკიცა ხელოვნური ინტელექტის შესახებ მსოფლიოში პირველი ჰარმონიზებული, მარეგულირებელი ხელოვნური ინტელექტის აქტი (შემდგომში - „აქტი“), რომელიც არის ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი ჩარჩოს შექმნის პირველი პრეცდენტი.
აქტი მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის დეველოპერებსა და მომხმარებლებს დაუწესოს მკაფიო სახელმძღვანელო პრინციპები და ვალდებულებები ხელოვნური ინტელექტის ეთიკურ გამოყენებასთან დაკავშირებით და ვრცელდება:
პროვაიდერებზე, რომლებიც ოპერირებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე მიუხედავად მათი რეგისტრაციის/დაფუძნების ადგილისა;
მომხმარებლებზე, რომლებიც იყენებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებულ/განთავსებულ ხელოვნურ ინტელექტს;
პროვაიდერებსა და მომხმარებლებზე რომლებიც ევროკავშრირის ტერიტორიაზე იყენებენ ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში განთავსებულ ხელოვნურ ინტელექტსა და მის პროდუქტებს.
აღსანიშნავია, რომ აქტი არ ვრცელდება სამხედრო მიზნებისთვის შექმნილ ხელოვნურ ინტელექტზე, არაწევრი ქვეყნების სახელისუფლებო ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე.
სტატია ზოგადად განიხილავს აქტის ძირითად მიზნებს და ხელოვნური ინტელექტის შემოთავაზებულ კატეგორიებს.
აქტი ითვალისწინებს მთელი რიგ ვალდებულებებსა და სტანდარტებს ხელოვნური ინტელექტისა და მისი პროდუქტებისთვის და აწესრიგებს ისეთ საკითხებს როგორიცაა ინტელექტის კატეგორიებად დაყოფა და გამჭვირვალობის მოთხოვნები.
აქტით გათვალისწინებული ხელოვნური ინეტელექტის კატეგორებია:
დაუშვებელი რისკი;
მაღალი რისკი;
მინიმალური რისკი.
დაუშვებელი რისკის შემცველი ხელოვნური ინტელექტის სისტემები
დაუშვებელი რისკის ხელოვნურ ინტელექტს განეკუთვნება სისტემები, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა განახორციელონ შემდეგი მოქმედებები:
ადამიანების ან ადამიანების კონკრეტული დაუცველი ჯგუფების (მაგ.: ბავშვების, შშმ პირების) შემეცნებასა და ქცევებზე მანიპულირება;
სოციალური სკალირება: ადამიანების კლასიფიკაცია მათი ქცევის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ან პიროვნული მახასიათებლების მიხედვით;
ადამიანების ბიომეტრიული იდენტიფიკაცია და კატეგორიზაცია;
ადამიანების დისტანციური, რეალურ დროში ბიომეტრიული იდენტიფიკაცია (მაგალითად, სახის ამოცნობა რეალურ დროში ქუჩაში განთავსებული სათვალთვალო კამერებით და ა.შ).
დაუშვებელი რისკის ხელოვნური ინტელექტის აკრძალვა არ არის აბსოლუტური და რიგ გამონაკლის შემთხვევებში შესაძლებელია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ მისი გამოყენება. მსგავს შემთხვევებს განეკუთვნება ოპერატიული სამძებრო სამუშაოები, მაგალითად როგორიცაა დაკარგული ბავშვების ძებნა.
მაღალი რისკის შემცველი ხელოვნური ინტელექტის სისტემები
მაღალი რისკის ხელოვნურ ინტელექტს განკუთვნება სისტემები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანთა სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე და ზღუდავს ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებს. მაღალი რისკის ხელოვნური ინტელექტის სისტემები თავის მხრივ იყოფა ორ კატეგორიად:
1) სისტემები, რომლებიც გამოიყენება ევროკავშირის რეგულაციებს დაქვემდებარებულ პროდუქტებში, როგორიცაა სათამაშოები, სამედიცინო მოწყობილობები და ა.შ.
2) სისტემები, რომლებიც უნდა დარეგისტრირდნენ ევროკავშირის მონაცემთა ბაზაში,
ესენია:
კრიტიკული ინფრასტრუქტურის მართვისა და ექსპლუატაციისთვის განკუთვნილი სისტემები (მაგ.: ტრანსპორტის მართვა, ბუნებრივი რესურსების მიწოდება და ა.შ);
განათლებისა და პროფესიული მომზადების ადმინისტრირების პროცესში გამოყენებული სისტემები (მაგ.: სწავლის შედეგების ავტომატური შეფასება და ქულების მინიჭება);
დასაქმების, დასაქმებულთა მართვისა და თვითდასაქმებაზე ხელმისაწვდომობის პროცესში გამოყენებული სისტემები (მაგ.: რეზიუმეების ავტომატური გადარჩევა, დასაქმებულის დროისა და დავალებების მენეჯმენტი, კონტროლი და ა.შ);
არსებითი მნიშვნელობის საჯარო და კერძო სერვისებით/შეღავათებით ხელმისაწვდომობის სისტემები (მაგ.: კრედიტის/სესხის მინიჭების AI სისტემები);
სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოყენებადი სისტემები (მაგ.: პირის ემოციური მდგომარეობის განსასაზღვრი სისტემები, პოლიგრაფები, და ა.შ);
მიგრაციის, თავშესაფრის ძიებისა და სასაზღვრო კონტროლის მართვისას გამოყენებული სისტემები (მაგ.: განაცხადების გადარჩევის სისტემა, დოკუმენტაციის განხილვის ავტომატიზირებული სისტემები და ა.შ);
კანონმდებლობის ინტერპრეტაციისა და განმარტების დროს გამოყენებული სისტემები (მაგ.: სასამართლო გადაწყვეტილებების მოძიების, ფაქტების შეფასებისა და კანონის მისადაგების სისტემები).
მაღალი რისკის კატეგორიაში შემავალი ყოველი ხელოვნური ინტელექტის სისტემა ბაზარზე განთავსებამდე შეფასდება დეტალურად, დაექვემდებარება მარკირებას. ასევე, მისი არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება შესაბამის მაკონტროლებელ ორგანოებში საჩივრ(ებ)ის წარდგენა.
მინიმალური რისკის შემცველი ხელოვნური ინტელექტის სისტემები
მინიმალური რისკის შემცველი ხელოვნური ინეტელექტის სისტემები ვალდებულები არიან დაემორჩოლონ გამჭვირვალობის სტანდარტს, რომელზეც დამატებითი ინფორმაცია წარმოდგენილია ქვევით. გარდა ამისა, აქტის თანახმად, ასეთი სისტემებისთვის რეკომენდირებულია (არა სავალდებულო) დაიცვან მაღალი რისკის შემცველი ხელოვნური ინტელექტის სისტემებისთვის დადგენილი სტანდარტები ან/და შეიმუშავონ შიდა სახელმძღვანელოები და რეგულაციები.
აქტით გამჭვირვალობის ვალდებულება წარმოდგენილია სწორედ, იმ ვალდებულებად რომელსაც კონკრეტული სტანდარტით თითოეული ხელოვნური ინტელექტის სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს. გამჭვირვალობის კუთხით უნდა აღნიშნოს, რომ ხელოვნური ინეტლექტის სისტემებს, რომლებიც (i) ურთიერთქმედებენ ადამიანებთან; (ii) გამოიყენებიან ადამიანების ემოციების იდენტიფიცირების ან/და სოციალურ კატეგორიებთან კავშირის დასადგენად ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე ან (iii) ახორციელებენ შიგთავსის გენერირებას ან მანიპულირებას (Deep fake), ეკისრებათ ვალდებულება მიაწოდონ ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ სისტემასთან ურთიერთქმედებაში მყოფ პირს. მაგალითად, პირი უნდა იყოს ინფორმირებული რომ კომუნიკაცია მიმდინარეობს ჩათ ბოტის საშუალებით. ასევე, იმ შემთხვევებში, როდესაც ხელოვნური ინტელექტის სისტემა გამოიყენება ფოტო/ვიდეო/აუდიო პროდუქტის შესაქმნელად, დგინდება ვალდებულება გავრცელდეს და მიეთითოს ინფორმაცია პროდუქტის ხელოვნური წარმოშობის შესახებ.
აქტი ძალაში შევა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან ოცი დღის შემდეგ და ამოქმედდება ძალაში შესვლიდან 24 (ოცდაოთხი) თვის შემდეგ, გარდა:
სრულად აკრძალული მოქმედებების/სისტემების შესახებ ნორმებისა, რომლებიც ამოქმედდება აქტის ძალაში შესვლიდან 6 (ექვსი) თვის შემდეგ;
პრაქტიკული რეგულაციებისა, რომელიც ამოქმედდება აქტის ძალაში შესვლიდან 9 (ცხრა) თვის შემდეგ;
ზოგადი დანიშნულების ხელოვნური ინტელექტის მარეგულირებელი ნორმებისა, რომლებიც ამოქმედდება აქტის ძალაში შესვლიდან 12 (თორმეტი) თვის შემდეგ;
მაღალი რისკის ხელოვნური ინტელექტის სისტემებისთვის დაწესებული ვალდებულებებისა, რომლების ამოქმედდება აქტის ძალაში შესვლიდან 36 (ოცდათექვსმეტი) თვის შემდეგ.
ხელოვნური ინტელექტის შესახებ აქტი შესაძლებელია შეფასდეს, როგორც ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი ჩარჩოს მსოფლიო მასშტაბით შექმნის საწყისი ეტაპი. აქტი წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტის გამოწვევების სამართლებრივ დონეზე მოწესრიგების პრეცედენტს და მისი მიზანია, როგორც ევროკავშირის ტეროტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პროცესების სანდოობის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების, უსაფრთხოებისა და ეთიკური პრინციპების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფა.
Comments