top of page

ხარისხი, როგორც მთავარი ღირებულება - IBCCS Tax-ი საქართველოსა და ირაკლი არჯევანიძის წარმატების საიდუმლო

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით Entrepreneur Georgia-ს ჩვენი კომპანიის შესახებ მომზადებული სტატიისთვის.

Entrepreneur საქართველო



Irakli Arjevanidze, IBCCS Tax Georgia

"Ibccs.tax საქართველო" უკვე 6 წელია, ქართველ და უცხოელ ინვესტორებს ეხმარება, საქართველოს ბიზნესპოტენციალი აღმოაჩინონ და ჩვენს ქვეყანაში განავითარონ მათი საქმიანობა. კომპანია საერთაშორისო IBCCS Tax-ის ქართული წარმომადგენლობაა, რომელიც 2024 წელს 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.


"Ibccs.tax საქართველო" და საერთაშორისო ჯგუფი, რომლის წევრიც არის კომპანია, მუდმივად მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდია, რომლისთვისაც მომხმარებლის კმაყოფილება არა მხოლოდ მიზანი, არამედ ფუნდამენტური ღირებულებაცაა.


კომპანიის ქართული წარმომადგენლობის თანადამფუძნებელი და რეგიონალური დირექტორი ირაკლი არჯევანიძეა - გამოცდილი მენეჯერი მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით. მან საერთაშორისო Ibccs.tax-ის დამფუძნებელი, ცეზარი ზიენიუკი ჯერ კიდევ მაგისტრატურაზე სწავლისას კვიპროსში გაიცნო, სადაც ამავე ქვეყნის სახელმწიფო სტიპენდიითა და დაფინანსებით სწავლობდა.


როგორ დაფუძნდა ibccs.tax-ის რეგიონალური ოფისი საქართველოში, ვინ არის მისი დირექტორი და როგორია კომპანიის პოლიტიკა როგორც დასაქმებულების, ისე მომხმარებლების მიმართ - ამ და სხვა საკითხებზე Entrepreneur Georgia ირაკლი არჯევანიძეს ესაუბრა.



პირველ რიგში, თქვენ შესახებ გვიამბეთ - რა მიმართულებით მიიღეთ განათლება და როგორ მოხვდით ibccs.tax-ში?

თბილისში რამდენიმე სკოლაში სწავლის შემდეგ ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე და ბაკალავრიატი აქ დავასრულე. 2012 წელს, კვიპროსის სახელმწიფოს გრანტის ფარგლებში, მოვიპოვე სტიპენდია კვიპროსის ევროპულ უნივერსიტეტში სასწავლებლად, სადაც წელიწად-ნახევარში დავასრულე მაგისტრატურის სრული კურსი და დავიცავი სამაგისტრო ნაშრომი. სწორედ კვიპროსში დავუმეგობრდი ჩემს ახლანდელ პარტნიორს, ცეზარი ზიენიუკს, რომელთან ერთადაც საერთო საცხოვრებლის ერთ ოთახში ვცხოვრობდი.


მაგისტრატურის დასრულების შემდეგ მომიწია 5-თვიან სტაჟირებაზე წასვლა გერმანიის ქალაქ რეგენსბურგში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვმუშაობდი მაშინ ჯერ კიდევ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედოში", ბანკად ტრანსფორმაციის შემდეგ კი უკვე "კრედო ბანკში". სწორედ ბანკში 7-წლიანი მუშაობის შემდეგ მივიღე ახალი საქმიანობის წამოწყების გადაწყვეტილება. 2018 წელს თბილისში, ცეზარისთან ერთად, რომელსაც უკვე ჰქონდა კომპანია დაფუძნებული კვიპროსში, დავაფუძნეთ "ibccs.tax საქართველო".



რა მიმართულებით ხართ კომპანიის მუშაობაში ამჟამად ჩართული?

დღეს, კომპანიის მართვასთან ერთად, გაყიდვებსა და მომხმარებელთან კომუნიკაციაშიც ვარ ჩართული. თუმცა, ჩვენი გუნდის ზრდასთან ერთად, თანდათან მხოლოდ მმართველობითი ფუნქციები დამრჩება, რაც კომპანიის კულტურის განვითარებასა და ახალ ბაზრებზე გასვლას მოიცავს.



რა გზა გაიარეთ ibccs.tax-ში მოხვედრამდე კარიერული თვალსაზრისით და, როგორ ფიქრობთ, რამ მოგცათ ყველაზე საჭირო გამოცდილება თქვენი ამჟამინდელი პოზიციისთვის?

18 წლიდან მოყოლებული, სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობდი და კვლავაც ვარ ჩართული, მათ შორის: სოფლის მეურნეობის, პროდაქშენის, ვიდეოწარმოების, გრაფიკული ნოველებისა და კომიქსების წარმოება-გამოცემის (როგორც საკუთარი სცენარით, ასევე საერთაშორისო გამომცემლების), საინვესტიციო და უძრავი ქონების, სავაჭრო მიმართულებით. კვიპროსში წასვლამდე მომიწია "ვითიბი ბანკში" მუშაობა - თავიდან დავიწყე ღამის ქოლცენტრის ოპერატორად, რის შემდეგაც ჩემი კარიერა საგრძნობლად განვითარდა როგორც ბანკში, ისე სხვა ფინანსურ ორგანიზაციებშიც. ამის შემდეგ გადავედი სადაზღვევო კომპანია "არქიმედე - გლობალ ჯორჯიაში", აგრეთვე, გვქონდა ნაგვის შეგროვების ფირმა და თამბაქოს ნაწარმის ექსკლუზიური იმპორტი საქართველოში (ეს გახლდათ Djarum-ის ბრენდის კრეტეკის კატეგორიის თამბაქოს ნაწარმი). ამ ყველაფრის შემდგომ კი იყო დამოუკიდებელი ცხოვრება და სწავლა კვიპროსსა და გერმანიაში და დაბრუნება კვლავ საქართველოში.


თითოეულმა ამ აქტივობამ, როგორც დასაქმებულმა თუ დამსაქმებელმა, ან სტარტაპმა, მომცა შესაძლებლობა, მქონოდა გამოცდილება კორპორაციული მართვის და ცხოვრების, ასევე, ენთუზიაზმის და სიახლეებისადმი მიდრეკილების. ვყოფილვარ როგორც კარგი, ისე ცუდი მენეჯერის მმართველობის ქვეშ. დამიშვია ბევრი შეცდომა, ვიცი რას ნიშნავს მიიღო შექებაც და შეურაცხყოფაც. ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდის უპირატესობაც ამაშია.



როგორ დაახასიათებდით თქვენს მენეჯერულ სტილს?

რთული კითხვაა, გიპასუხებთ, თუ როგორი მსურს, რომ იყოს - რაც შეიძლება ადამიანებზე ორიენტირებული. მინდა ვქმნიდე თანაბარ შესაძლებლობებს გუნდის ყველა წევრისთვის და კომპანიის ღირებულებებსაც ასე თანაბრად ვიზიარებდეთ გუნდში. თუ ახლა ასე არ არის, მინდა იცოდეთ, რომ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, აუცილებლად ასე იყოს. ეს არის ჩემი ხედვა კომპანიაში.



როგორი კორპორაციული კულტურა არის კულტივირებული Ibccs.tax-ში?

ჩვენი მთავარი ღირებულება არის მომსახურების მაღალი ხარისხი, შესაბამისად, კომპანიაში ამ ღირებულების გარშემო ვერთიანდებით. თანამშრომლისთვის ინიციატივები და სიახლეები წახალისებულია, რასაც საკმაო დროს ვუთმობთ. რაც შეეხება კულტურას, ის ჩამოყალიბების ეტაპზეა და ძალიან ცოცხალი პროცესია, რაც ჩვენი გუნდის ახლანდელი ზრდის პირობებში სრულიად ჯანსაღი მოცემულობაა.


ასევე, ყოველწლიურად აღვნიშნავთ კომპანიის დაბადების დღეს, როცა ხდება გუნდის ყველა წევრის 2-3-დღიანი შეკრება საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ამ პერიოდში, გართობასთან ერთად, კომპანიის გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს განვიხილავთ, საჭიროების შემთხვევაში, ვატარებთ პროფესიულ ტრენინგებს.



თქვენი აზრით, რატომაა ეს მნიშვნელოვანი დასაქმებულთათვის და საბოლოო ჯამში რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს თქვენთვის?

მნიშვნელოვანია, რადგან არ არის მოკლევადიანი და არის ადამიანებზე ორიენტირებული - როგორც თანამშრომლებზე, ისე მომხმარებლებზე.



როგორ უჭერთ მხარს თანამშრომლების პროფესიულ ზრდასა და განვითარებას?

მენეჯერებთან ერთად ვცდილობთ, გუნდის ყველა წევრთან ინდივიდუალური და უშუალო კომუნიკაცია დავამყაროთ. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ "ღია კარის" მენეჯმენტის პრინციპი გვქონდეს და სწრაფად და მარტივად გამოვავლინოთ საჭიროებები. პროფესიული განვითარება ჩვენს გუნდში მუდმივად მიმდინარეობს და, ამასთან ერთად, თვითონ გუნდის წევრებიც ჩართულები არიან შიდა და გარე ტრენინგების მოძებასა და მონაწილეობაში.

კომპანია მზარდია და პროფესიული განვითარება გუნდის შიგნით წახალისებულია. ამის ნათელი მაგალითია კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორი, რომელმაც თავდაპირველად მუშაობა დაიწყო, როგორც მთავარმა ბუღალტერმა, დღეს კი CFO-ს პოზიციას იკავებს და კომპანიის წილის მფლობელიცაა.



ibccs.tax ათი წლისაა - ამ დროის განმავლობაში როგორ შეიცვალა ტექნოლოგიის როლი თქვენს სფეროში?

პასუხი მარტივია - მოთხოვნის შესაბამისად შეიცვალა. სხვა რეალობაში ვცხოვრობთ, მაგალითად, აღარ ვიყენებთ ფაქსს, გაჩნდა ელექტრონული ხელმოწერა, შევქმენით ონლაინპლატფორმა ჩვენი მომსახურებებისთვის, ვმონაწილებთ ვირტუალურ ფორუმში, მეტავერსში და ა.შ.



როგორ უწყობს ფეხს ამ ყველაფერს თქვენი გუნდი?

თუ განვითარება გვინდა, ფეხი უნდა ავუწყოთ ახალ რეალობას იმ სისწრაფით, რა სისწრაფითაც ბაზარი ვითარდება მსოფლიოში. ზოგჯერ საჭიროა ვიყოთ პიონერები საქართველოში და მთლიანად ინდუსტრია განვავითაროთ. ეს გამოწვევაა, რომელსაც უნდა მივყვეთ და არ შევუშინდეთ.



თუ გაქვთ დანერგილი რაღაც ინოვაციური და ტექნოლოგიური პრაქტიკა, რის საშუალებითაც ინდუსტრიაში კონკურენტებზე წინ ხართ?

2024 წლის აგვისტოში გავიმარჯვეთ GITA-ს საგრანტო კონკურსში და ახალი პლატფორმის განვითარება დავიწყეთ. ის ჩვენი სერვისების მიწოდებას გააციფრულებს და მომხმარებლებს გაუადვილებს დისტანციურად, ციფრული არხებით იურიდიული, ფინანსური და საბუღალტრო სერვისების მიღებას.


როგორია ibccs-ის სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკა და ამ მიმართულებით განხორციელებული ან დაგეგმილი პროექტები?

კომპანიის კულტურისთვის სოციალური პასუხისმგებლობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკაა. ჩვენს გამოცდილებასა და ცოდნას უსასყიდლოდ ვუზიარებთ დამწყებ ბიზნესებს და, რიგ შემთხვევაში, მათ ჩვენი მომსახურების უფასოდ მიღების შესაძლებლობაც აქვთ ხოლმე. ფინანსურად და იურიდიულად გამართული დამწყები ბიზნესებისთვის ან მეწარმე ახალგაზრდებისთვის კარგი ფუნდამენტის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია.


2024 წლის სექტემბერში ვიყავით TEDxTbilisi Youth-ის პარტნიორები, სადაც წარვადგინეთ საგანმანათლებლო თამაში, რომლითაც ახალგაზრდებისთვის მეწარმეობის ძირითადი პროცესები უფრო თვალსაჩინო გახდა.

ასევე, გვაქვს სტაჟირების პროგრამები, სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, იმუშაონ და ანაზღაურებადი სტაჟირებით მიიღონ პრაქტიკაზე დაფუძნებული გამოცდლება და ცოდნა.



ibccs-ი საერთაშორისო კომპანიაა - რა როლს თამაშობს კომპანია ქართული საზოგადოების განვითარებაში?

ჩვენი ჯგუფის შიდა ტრენინგებისთვის, რომელსაც წელიწადში ერთხელ, ჯგუფის ყველა ქვეყნის თანამშრომლებისთვის ვატარებთ, ვიყენებთ ქართულ კომპანიას. ასევე, საქართველოდან განხორციელდა ჯგუფის ბრენდბუქისა და მარკეტინგული იდენტიფიკატორების წარმოება, აქედან ვუწევთ მომსახურებას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს. ამის ერთ-ერთი მიზანია ქართული კომპანიების საერთაშორისო ბაზარზე გაყვანა, რაც მათ აძლევთ საერთაშორისო პროექტების მართვის გამოცდილებას.



რამდენად მნიშვნელოვანია პარტნიორობა და თანამშრომლობა ibccs.tax-სთვის?

პარტნიორობა, სოციალური პასუხისმგებლობის მსგავსად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, რადგან IBCCS.TAX არ ოპერირებს ბაზარზე დამოუკიდებლად და თანადგომა, როგორც ყველგან და ყველაფერში, ჩვენს ბიზნესშიც მნიშვნელოვანია. ვუზიარებთ ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას, ვაძლიერებთ ერთმანეთის სუსტ მხარეებს და "ვავსებთ" ერთმანეთს.



შეგიძლიათ გამოყოთ რომელიმე მნიშვნელოვანი კოლაბორაციული პროექტი?

მსგავსი არაერთია, თუმცა გამოვარჩევდით საქართველოში კრიპტოვალუტის ერთ-ერთ ცნობილ კომპანიას, რომელსაც დავეხმარეთ საერთაშორისო ლიცენზიის მოპოვებასა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში.



რამდენად მნიშვნელოვანია მომხმარებლის გამოხმაურება?

უმნიშვნელოვანესია, რადგან რასაც ვაკეთებთ, საბოლოოდ ყველაფრის მიზანი არის კლიენტის კმაყოფილება. განსაკუთრებით გვსიამოვნებს დადებითი უკუკავშირი, რომელიც, ექაუნთმენეჯერით დაწყებული და მმართველი პარტნიორით დამთავრებული, ყველას ერთნაირად ძლიერ გვახარებს.


თუმცა ნებისმიერი სახის უკუკავშირი ჩვენთვის მნიშნელოვანია და ამას მკითხველისთვის ვიტყვი: თუ გაქვთ იდეები, გსურთ გაგვიზიაროთ მოსაზრებები, ან გსურთ გაიგოთ ჩვენ შესახებ უფრო მეტი, არ მოგერიდოთ და მოგვწერეთ ჩვენს მეილზე hellogeorgia@ibccs.tax, არ გამორიცხოთ, რომ ჩვენი შემდეგი მომხმარებელი, პარტნიორი ან, უბრალოდ, გულშემატკივარი გახდეთ. არასდროს იცით, როგორ შეიძლება გამოვადგეთ ერთმანეთს.




Comentarios


bottom of page